ტრამვირებულია, დაზიანებები აღენიშნება - როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელიც პოლიციელმა სასტიკად სცემა
საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი, მაია მეტონიძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი 17 წლის ახალგაზრდა უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მას ძალადობის კვალი ეტყობა.
ის ძალიან ტრამვირებულია, აქვს ფიზიკური დაზიანებები"- თქვა მეტონიძემ.
ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ გუშინ გავრცელებული კადრები შოკისმომგვრელი იყო და ყრუ და სმენადაქვეითებული თემი აღშფოთებულია:
ეს იყო შოკისმომგვრელი, მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. ყრუ და სმენადაქვეითებული თემი აღშფოთებულია. ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი, დღეს იმ პოლიციელის მიერ არის ნაცემი და შეურაცხყოფილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებები ყოველთვის გვეძახიან, როდესაცხ კომუნიკაციასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა ჩნდება ამ პირებთან დაკავშირებით, მეტიც, ისინი ვალდებულები არიან, გამოძახონ სპეციალისტი"- თქვა მან.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.