სიმპტომებიან პირებს, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ და ექიმი მეთვალყურეობდა, მწვანე პასპორტს მისცემენ
პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე, თუმცა ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და ე.წ. "მწვანე პაპსორტსაც" მიიღებს. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.
სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში "მწვანე პასპორტისთვის" ან მოგზაურობისთვის", - აცხადებს გამყრელიძე.
2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა. "მწვანე პასპორტის" საფუძველზე გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ან ვაქცინირებული მოქალაქეები შედიან.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, "მწვანე სტატუსი" უვადოდ ენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ.