პოლიციელის მიერ ნაცემი მოზარდის ექსპერტიზა დასრულებულია
პოლიციელის მიერ ნაცემი 17 წლის შშმ პირის სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა.
სამართალდამცავის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებს სამხარაულის ექსპერტები 40 წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ.
რაც შეეხება დაზარალებულის მდგომარეობას, ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაშავებული ძლიერი სტრესის ქვეშაა.
მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.
ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს მოგახსენებთ , მას დეტალებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ჩემი ჩართვის მიზეზს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული",- განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ლედი კორძაძემ.
შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" გუშინ გაავრცელა.
"პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.