"...ისეთ ხასიათზე გაიღვიძა, შეიძლება, მომკლას"! - იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტის ოჯახს კითხვები აქვს
5 დღის წინ გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტის გოგოს ოჯახი დახმარებას ითხოვს - სალომე ტეტუნაშვილის ახლობლობლებმა დღეს ზალკალიანის უწყებასთან აქცია გამართეს. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 საათიანი ვადა მისცეს, რომ გამოყონ სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ოჯახის ინფორმირებას მოახდენს.
გაუჩინარებული ემიგრანტის ძმა, აკაკი ტეტუნაშვიული, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი და იმ სახლიდან, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, 21 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, გაუჩინარდა. ოჯახს კი მომხდარის შესახებ მხოლოდ 4 საათის დაგვიანებით შეატყობინეს.
ტატუნაშვილები აღნიშნავენ, რომ 30 წლამდე ქალს თან მხოლოდ მობილური ტელეფონი ჰქონდა, სხვა საბუთები კი იმ სახლში დატოვა, სადაც მუშაობდა. ირკვევა, რომ სალომე ტეტუნაშვილი იტალიელი კარაბინერის ოჯახში ხანდაზმულ ქალს უვლიდა.
კამერების ჩანაწერები ამოღებული არ არის. ჩვენ არცერთ ვერსიას არ განმოვრიცხავთ. ბებო, რომელსაც უვლიდა, ამბობს, რომ კარების ხმა გაიგო, თუმცა რომ გამოვიდა უკვე წასული იყო. ჩემ დას თან საფულეც კი არ ჰქონდა წაღებული. პირველი და უმთავრესი კითხვები სწორედ ამ ოჯახთან გვაქვს"- აცხადებს გაუჩინარებულის ძმა.
სალომე ტეტუნაშვილის ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს ბოლო კომუნიკაცია მეგობართან ჰქონდა, რომელსაც უთხრა, რომ მოხუცმა მძიმე ხასიათზე გაიღვიძა:
გაუჩინარების დღეს მიწერა მეგობარს და უთხრა, რომ მოხუცმა, რომელსაც უვლიდა, გაიღვიძა, მაგრამ ისეთ ხასიათზეა, შეიძლება, მომკლას! ამის შემდეგ, მისი კვალი იკარგება"- აცხადებს ახლობელი.