გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დაგვხვდა - „თბილისი ენერჯი" გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ - ამის შესახებ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.
გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები, დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია.