წულუკიანის რეპრესიები - კულტურის სფეროდან გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ
წულუკიანის მიერ კულტურის სფეროში ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულები სმაართლებრივ დავას იწყებენ. მათ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED დაიცავს.
არასამთავრობოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ჯამში 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ხოლო ათობით გამორჩეული თანამშრომელი გათავისუფლების შიშის ქვეშ აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა პოზიციებზე ამავე სისტემაში.
"ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.
Სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გააგრძელებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი სარჩელების მომზადებას. მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.