კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება

10.02.22 15:21
კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება

საქართველოში COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარკვეული პროფესიებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 6 დღე, დანარჩენებისთვის - დადასტურებიდან 7 დღე. ეს ეხება უსიმპტომო პაციენტებს, სიმპტომიანებს კი იზოლაცია კვლავ 10 დღე მოუწევთ.

უწყების ცნობით, საკარინტენე ვადები 6 დღემდე სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის მცირდება:

სამედიცინო დაწესებულებები;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
საქართველოს პროკურატურის სისტემა;
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის, უწყების განცხადებით, იზოლაცია სრულდება Covid- 19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ.

სამინისტროს განცხადებით, ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის კი იზოლაციის ვადა უცვლელი რჩება და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით.

მსგავსი სიახლეები