ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება
უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ. ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. მათ ადგილზე უკრიანის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, მიწაზე პუტინის გამოსახულებით პოსტერი აქვთ გაშლილი, რომელზეც ფეხებით გადაადგილდებიან.
აქციაზე ესწრებიან ანტიპუტინისტურად განწყობილი რუსები, ბელორუსები და უკრაინელებიც.
ამ აქციის ორგანიზატორები არიან ადგილობრივი ანტიპუტნისტო ოპოზიციონერი რუსები, ბელორუსები და უკრაინელები და ჩვენ, პარტია "დროა", რა თქმა უნდა, ვუერთდებით ყველა აქციას და ყველა აქტივობას, სადაც მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის მტერი, პუტინი არის აგრესორი და იმას, რასაც ჩვენი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ, - ამბობს "დროას" წარმომადგენელი.
უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს.
ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია.