მინდა, დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია - ნიკო კვარაცხელიას დედის მიმართვა
თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა საგანგებო განცხადებას ავრცელებს -შვილმოკლული დედა წერს, რომ მისთვის ნიკოს მკვლელობის საქმის დღემდე უცნობი ფიგურანტები და დამკვეთების ვინაობაა ცნობილი.
18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა, დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.
სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევს საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.
საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა ძალიან ცუდად გამოიყენეთ და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც, თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა, სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს”, – აღნიშნულია წერილში.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ბრალდებულები სპეცოპერაციის შედეგად, მოგვიანებით წყნეთში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, საქმეზე დაკავებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.