"მე ის ჟურნალისტი ვარ, პრემიერის გარემოცვა ახლა ანგარიშების და ჩემი ქონების დაყადაღებით რომ მემუქრება" - ნოდარ მელაძე

17.02.22 20:26
"მე ის ჟურნალისტი ვარ,  პრემიერის გარემოცვა ახლა ანგარიშების და ჩემი ქონების დაყადაღებით რომ მემუქრება" - ნოდარ მელაძე

 "გამარჯობა, მე ის ჟურნალისტი ვარ, საქართველოს პრემიერის გარემოცვა ახლა ანგარიშების და ჩემი ქონების დაყადაღებით რომ მემუქრება" - ასე დაიაყო "ტვ პირველის" ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება ნოდარ მელაძემ, რომელიც კრიტიკული მედიის გამოძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ავტორმა და წამყვამა თქვა, რომ შავ სიაშია მისი გუნდის წევრი, გამომძიებელ-ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილი. 

"როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცამ პერსონალური ანგარიშსწორება გადაწყვიტა. გასაგებია, ჩვენი გუნდის საგამოძიებო რეპორტაჟები, პრემიერის ტყეზე ალაპარაკებული საქართველო, თუნდაც "ტრი-ტრის"  აუდიოჩანაწერების გასაჯაროვება საკმარისია, რომ ღარიბაშვილს ნერვებმა უმტყუნოს და ჟურნალისტების მიმართ შურისძიებაზე გადავიდეს, მაგრამ ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომლის წარმომადგენლებსაც არასდროს არავისი ეშინიათ" - განაცხადა ღია ეთერში ნოდარ მელაძემ. 

 

 

ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალ ხერხებს მიმართავს. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ "ტვ პირველის"  გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას. 

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები მომხდარს პრემიერის პერსონალურ შურისძიებას უკავშირებენ. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პრემიერი  ძალიან გაბრაზდა, იმ თემით, რომ სწორედ მისმა გუნდმა  გამოიკვლია ღარიბაშვილის მიერ მიტაცებული, ბაკურიანი ტყის ამბავი.