კიდევ ახალი ფიგურანტი კვარაცხელიას საქმეში - პროცესზე ახალმა გვარმა გაიჟღერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მკვლელობის საქმეზე ფიგურანტთა წრე ფართოვდება. სასამართლო პროცესზე ახალმა გვარმა გაიჟღერა, ეს არის ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. "პირველების" ინფორმაციით, ის მკვლელობაში ბრალდებულის, აკო ჭელიძის მეგობარია, თუმცა რა შემხებლობა აქვს საქმესთან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
გამოძიების ინფორმაციით, მის ანგარიშზე სექტემბრის თვეში, ფულადი გადარიცხვები დაფიქსირდა.
პროცესზე "მაგთის" წარმომადგენლები იკითხებიან. გამოძიებას ანძების ამონაწერი და პირთა გადაადგილების ტრაექტორია აინტერესებს.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
"უვადო პატიმრობა მკვლელებს" - თქვა სასამართლოში შესვლის წინ კვარაცხელიას ოჯახის წევრმა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.