ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი - საპტრიარქო ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს ვიდეოზე პირველ განმარტებას აკეთებს - განცხადების ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი, ისინი მორჩილები არიან.
მათივე განცხადებით, ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყეს.
რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, საპატრიაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედება არაქრისტიანულია".
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი კაბაში შემოსილი პირი მეორეს.
უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.
▪️ აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.
▪️ დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.
ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს"- წერია განცხადებაში.