ოკუპანტების მსხვერპლი გმირი - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მას ეროვნული გმირის წოდება დღემდე არ აქვს მინიჭებული. ტატუნაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ ოკუპანტების მსხვერპლს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს, რადგან მან სიცოცხლე სამშობლოსთვის გასწირა. ოჯახის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
თავის სოფელში მიდიოდა და დააკავეს, ვითომ უნდ აგაეკეთებინათ ნარკოლოგიური შემოწმება და წაიყვანეს ცხინვალში. რომ არ ითანამშრომლა მათთან, ჯერ მოუტანეს საქართველოს დროშა, დაუფინეს ფეხქვეშ უთხრეს ზედ შედექიო, არ შედგა დროშაზე. მიუტანეს რუკა საქართველოსი, უთხრეს თქვი აღიარე, რომ სამხრეთ ოსეთიაო, თითით თურმე შემოხაზა ეს სამხრეთ ოსეთი არასოდეს არ ყოფილა და არც იქნებაო.
მოვითხოვ, რისთვისაც თავი გასწირა ოფიციალური სახე მიეცეს ამას. მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება", - ამბობს გმირის დედა რუსუდან ტატუნაშვილი.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
35 წლის ტატუნაშვილი 2018 წელს ოკუპანტების ტყვე გახდა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.