ჩამოდით ჯიპებიდან და დაასუფთავეთ არაგვის ხეობაში დაყრილი ნაგავი - ნათელაშვილი მერიის თანამშრომლებს
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს - შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, მდინარე არაგვის სანაპირო ნაგავსაყრელად იქცა, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ თბილისსაც.
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველების სამსახურს, ,,ჩამოვიდნენ ჯიპებიდან" და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნონ.
ახლა ჩამოვიარე ტრასაზე და მლეთიდან ნატახტრამდე არაგვის ხეობა სავსეა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტრაილერების გადაყრილი ნაგვით, რაც საფრთხეს უქმნის რორორც იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას, ასევე დედაქალაქსაც, სადაც მოედინება არაგვის წყალი.
ახლა კეთილი ინებონ თბილისის, მცხეთისა და დუშეთის მერიების თანამშრომლებმა, ჩამოვიდნენ ჯიპებიდან და საკუთარი ხელით გაწმინდონ ტრაილერების ეს ნაგავი, რომელთა ტვირთებიდანაც მილიონები შედის მათ ოჯახებში. - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
აქვე ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მოითხოვა იმ სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებაც, რომლებიც სამართალდამცველებმა გუშინ აქციაზე საწვავის გაძვირების გაპროტესტების გამო დააკავეს.