ძალადობა "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე - მოძალადეების ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ

30.03.22 13:52
ძალადობა "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე  - მოძალადეების ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ

"ტვ პირველის" რეპორტიორების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის 6 წევრი უდანაშაულოა. ადვოკატების თქმით, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა და არც ჟურნალისტურ საქმიანობაში შეშლიათ ხელი. 1 საათზე მეტია, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ძალადობრივი ჯგუფის წევრების სამი ადვოკატი მირანდა ბაღათურიას ჩვენების ეჭქვეშ დაყენებას ცდილობს. მათი თქმით, საქმის ერთადერთი მოწმე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს სუბიექტური იყო.

მათ მტკიცებულებები პროცესზე არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ნინო ელიეშვილმა გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს, რა ვადით გაუშვებს ციხეში  დავით კუტალაძესა და კიდევ 5 პირს. 

მოწმე მირანდა ბაღათურია არანაირ ჟურნალისტურ საქმიანობას იმ დროისთვის არ ახორციელებდა. რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში იყო, ყვიროდა", - ამბობს ბრალდებულების ადვოკატი.

მირანდა ბაღათურია წიოდა-კიოდა. მისი რწმენით ლექსო ლაშქარავას სიკვდილი გამოწვეული იყო იმ დაზიანებებით, რომელიც რა თქმა უნდა სრულიად არასწორია, მაგრამ მას შინაგანად სწამს,განწყობა მისი არის ესეთი, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მირანდა ბაღათურიასთვის საკმარისია, რომ ეს ადამიანები მაინც დაისაჯონ, აბა ვიღაცა ხო უნდა დაისაჯოს", - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

"ტვ პირველის"  რეპორტიორების მიმართ ძალადობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.