"ცოლი ხალათით და ჩუსტებით გამოაგდო" - ყოფილი სიდედრის ჩვენება ბასილაშვილის წინააღმდეგ

31.03.22 16:16
"ცოლი ხალათით და ჩუსტებით გამოაგდო" - ყოფილი  სიდედრის ჩვენება ბასილაშვილის წინააღმდეგ

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, სპოსრტმენმა ცოლი ხალათითა და ჩუსტებით გარეთ გააგდო. ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის დედამ ჩვენება დღეს სასამართლოს მისცა და აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და  დამამცირებლად ექცეოდა.

მაკა სიმონიშვილმა ის ინციდენტები გაიხსენა, რომელსაც მისი თქმით, თავად შეესწრო.

ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა პროცესზე.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ცნობილი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მსგავსი სიახლეები