ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული გლდანის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

31.03.22 20:47
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული გლდანის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული ალექსანდრე არჩვაძე გლდანის ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში  ადანაშაულებს. ბრალდებულმა პირდაპირ საბრალდებო სკამიდან მოსამართლე ქეთევან ელიაშვილს დახმარება სთხოვა, რადგან მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და მისი ორგანიზმი ექიმების მკურნალობის გარეშე დიდხანს ვეღარ გაძლებს.

ალექსანდრე არჩვაძე აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციას ინფორმაცია მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ აქვს, თუმცა არ ინტერესდება, რის გამოც მისი, როგორც პატიმრის, უფლებებს მიზანმიმართულად ირღვევა.

ციხის ექიმები იცით, რას მეუბნებიან, ბატონო მოსამართლე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოსო, ვიცით საოპერაციო რომ ხართ ჩვენო.- განაცხადა პროცესზე ალექსანდრე არჩვაძემ.

არჩვაძის უფლებადამცველი ,,ტვ პირველს" უყვება, რომ დაკავებული მის ოჯახთან და ადვოკატებთან ერთად უკვე 8 თვეა, სასჯელაღსრულების დაწესებულების პასუხსა და გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ.

ადვოკატ ნინო შავშიშვილის ინფორმაციით, გლდანის ციხის ადმინისტრაციამ ერთხელ მძიმე მდგომარეობაში მყოფი არჩვაძე ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად ,,ვივამედის" კლინიკიდან უკან ციხეში დააბრუნა.

ალექსანდრე არჩვაძეა ერთ ერთია იმ 6 ბრალდებულიდან, რომელიც გორში ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი დახმარებისთვის დააკავეს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 1 თვეში უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მყარი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას დაკავებულების წინააღმდეგ.