10 თვე სუნთქვა მქონდა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე, მადლობა ყველას, მადლობა ლექსოს - მირანდა ბაღათურია

04.04.22 17:44
10 თვე სუნთქვა მქონდა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე, მადლობა ყველას, მადლობა ლექსოს - მირანდა ბაღათურია

ტვ პირველის ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მოსამართლე ნინო ელიაშვილს მადლობას უხდის. 

10 თვე მართლა მქონდა სუნთქვა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე არ მარტო მე, არამედ ყველამ - აცხადებს მირანდა ბაღათურია.

მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გაამართლა ჩემი მოლოდინები. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი წილი და ჟურნალისტების წილი სამართლიანობა ამ ნაწილში აღსდგა. ამ ადამიანებს მოუწევთ 5 წელი ციხეში ჯდომა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ადამიანების ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში იმისთვის, ჩვენ რომ ხვალ გადაღებაზე გავალთ, არც ერთ ჩვენგანს თმის არც ერთი ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ. 10 თვე მართლა მქონდა სუნთქვა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე არ მარტო მე, არამედ ყველამ. 

მადლობა თქვენც და მადლობა ლექსოს. - განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა ,,ტვ პირველის" რეპორტიორებზე 5 ივლისს განხორციელებული ძალადობისა და თავდასხმის გამო  დაკავებულ 6 პირს: დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეე, თორნიკე დავლაშერიძესა და გია გიგუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.