ომის სასტიკი "კანონების" მიუხედავად, ეს სიმძიმე ძნელი წარმოსადგენია - საპატრიაქო ბუჩას უმძიმეს კადრებზე
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულ კადრებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს: მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას".
"ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.
მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.
გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.
დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.