რატომ ვახდევინებთ პენსიონერებს ყველაზე მაღალ პროცენტს? - ,,მოქალაქეები" ლიბერთი ბანკს" უპირისპირდებიან

12.04.21 16:23
რატომ ვახდევინებთ პენსიონერებს ყველაზე მაღალ პროცენტს? - ,,მოქალაქეები" ლიბერთი ბანკს" უპირისპირდებიან

რატომ ვახდევინებთ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს ყველაზე მაღალ პროცენტებს? - ამ კითხვით მიმართავს  პარტია ,,მოქალაქეების" წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი, ,,ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობას. 

პარტია ,,მოქალაქეებმა" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტს შუამდგომლობით მიმართეს, რომ დაიბარონ ,,ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობა და გაირკვეს პენსიონერებისათვის გაცემულ კრედიტზე 30%-იანი სარგებლის დაწესების კანონიერება. 

დღეს პარლამენტში ,,ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელები დაიბარეს. შეხვედრაზე გაირკვა, რომ ბანკი საპროცენტო განაკვეთს საბაზრო პირობების გათვალისწინებით გასცემს და პენსიონერებს კრედიტის აღება სხვა ბანკებშიც შეუძლიათ.

„ლიბერთი ბანკის“ ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება, აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები. მეორე და მთავარი - ,,ლიბერთის" ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი - განაცხადა ,,ლიბერთის" გენდირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

საქართველოში 800 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. ,,ლიბერთი ბანკი" მათთვის კრედიტს წლიური  30% სარგებლით გასცემს.