8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

27.04.22 17:58
8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

ხანუმ ჯერანოვას საქმეზე, 8 წლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.

შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა სამმა პირმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.

„2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.

სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ, ამბობენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად, 2014 წლის 18 სექტემბერს ხანუმმა თავი მოიკლა.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- წერია უწყებაში. 

მსგავსი სიახლეები