მკვლელობა ვაზისუბანში - "პირველების" ინფორმაციით, დედ-მამა 29 წლის ბიჭმა დახოცა

28.04.22 12:03
მკვლელობა ვაზისუბანში - "პირველების" ინფორმაციით, დედ-მამა 29 წლის ბიჭმა დახოცა

"ტვ პირველისთვის" თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდებბა ცნობილი - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  ცოლ-ქმარი, საკუთარმა შვილმა დახოცა. 

განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 29 წლის გიორგი ბეროზაშვილი. არსებული ინფორმაციით, ეს უკანასკნელი დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ  2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობითვე, გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები