"ბორჯომის" მუშებს ამ დრომდე არ მიუღიათ ახსნა-განმარტება, თუ რატომ გაათავისუფლეს
ბორჯომის 49 თანამშრომელს, რომელიც კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა, ამ დრომდე არ მიუღია წერილობითი ახსნა-განმარტება, თუ რატომ მოხდა მათი შემცირება.
ქარხნის ადმინსიტრაცია აცხადებს, რომ 49 ადამიანის გათავისუფლება იმ მუშების ბრალია, ვინც ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. აღნიშნული ხელშეკრულება კომპანიამ მუშებს მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქარხანაში პრობლემები შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით, თანამშრომლების ანაზღაურება 50%-ით შემცირდა.
,,ბორჯომის" თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ მზად არის ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, თუ ხელისუფლებისგან კონკრეტულ გარანტიებს მიიღებს.
ხალხს აშინებენ. ის ხალხი კი ჩვენ გვერდზე დგანან. ხალხს ხელშეკრულებაზე შეშინებით და იმეებით აწერინებენ. რა გგონიათ, ვინც ხელი მოაწერა, ისინი ქარხანაში შევლენ? ისინიც ჩვენს გვერდზე იქნებიან.
ადმინისტრაციას უნდა, რომ მოკლევადიანზე ვაწეროთ ხელი. ერთთვიანზე. ჩვენ გვინდა 3 თვიანი, ექვსთვიანი, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? - ამბობს ,,ტვ პირველთან" საუბარში ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი.
,,ბორჯომის" თანამშრომლებმა განცხადება გუშინ გაავრცელეს და დღეს დაიწყო მედიაციის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნის ადმინისტრაცია მუშების მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.