ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაგვხვდება ადგილზე - სააკაშვილთან „ვივამედში“ მედიკოსები დღეს შევლენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ "ემპათიას" მედიკოსები დღეს, 14:00 საათზე, შევლენ.
მედიკოსები ვერ ამბობენ, თუ რამდენი დრო დასჭირდებათ სააკშვილის სამედიცინო კვლევისა და დასკვნის მოსამზადებლად. საბოლოოდ, სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გადაუვადდება თუ არა პრეზიდენტს სასჯელი და გაუშვებენ თუ არა მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
,,ემპათიას" დირექტორის თქმით, დასკვნის დადება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდებათ ადგილზე.
ჩვენ, სიტუაციიდან გამომდინარე, ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ექსპერტიზა და სწრაფად იქნას დასკვნა დადებული და წარმართული სასამართლოში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაგვხვდება ადგილზე, ვინაიდან მედიცინაში გადამწყვეტი როლი ენიჭება პაციენტის კლინიკურ შეფასებას და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელზე ადგილზე უნდა გავეცნოთ“. - აცხადებს ,,ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.
ნევროლოგის "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ გამოკვლევის პროცესი იმდენად არ უნდა გაიწელოს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უარესად დამძიმდეს.
ვიზიტების რაოდენობა ლიმიტირებული იქნება ალბათ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მისი მდომარეობა მძიმეა, შესაბამისად, არ უნდა გაიწელოს გამოკვლევის პროცესი იმდენად, რომ პაციენტი ჩვენც დაგვიმძიმდეს. ისედაც განაგრძობს ახალი სიმპტომები გამოჩენას. ამიტომ მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ დასკვნის ფორმულირება“.- ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე.
შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.