არასრულწლოვნების ტრეფიკინგი - მამა შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

02.03.21 20:23
არასრულწლოვნების ტრეფიკინგი - მამა შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

5 შვილის მამა, რომელიც საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ფიზიკურად ძალადობდა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით,  თუ ბავშვები სახლში დღის ბოლომდე 50 ლარს არ მიიტანდნენ მათ მამა სასტიკად სცემდა. იმისთვის რომ არასრულწლოვნებს მეტი შემოსავალი მიეღოთ 3 თვის ჩვილს თან ატანდნენ. 

ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 36 წლის პეტრე მარტინოვს სკაუთარმა მეუღლემ ძალადობის ბრალდებით უჩივლა.

მომხდარ ფაქტს კრწანისის რაიონში მცხოვრები ოჯახის მეზობლები ამ ფაქტს გაჭირვებით ამართლებენ. ისინი ტვ პირველთან ყვებიან, რომ ცოლ-ქმარი მოწყალებას ხშირად ითხოვდა.

ძალადობის ფაქტს ტვ პირველთან ადასტურებს ბრალდებულის მეუღლე ინგა მარტინოვა, რომელმაც პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა უარყოფს რომ მისი ქმარი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

"არავის არ აიძულებდა, მე ვუჩივლე ჩემ მეუღლეს შეურაცხყოფის გამო და ბავშვს დაარტყა ხელი ერთხელ და გამოვიძახე პატრული", - ამბობს მარტინოვა.

დაკავებული მამაკაცი გლდანის ციხეში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.