,,პოლიცია საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს" - გორში ყაჩაღობაში მხილებულის ძმა დააკავეს
სამართალდამცველები გორში სუპერმარკეტ ,,ლიბრეს" დაყაჩაღების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს სამი დღის შემდეგ ისევ ეძებენ. თავდამსხმელებიდან ერთ-ერთის ვინაობა გამოძიებამ დაადგინა, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო.
ყაჩაღობაში მხილებული არასრულწოვანის ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს და იმ შემთხვევაში, თუ მათი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ყაჩაღობაშია მხილებული, სამართალდამცველებს 24 საათში არ ჩაბარდება, მეორე სრულწლოვან შვილს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გაასამართლებენ. 22 წლის ჯონი თოდაძე უკვე დაკავებულია. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
ჩემმა შვილმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, მას არც ვამართლებ, არც ხელს ვაფარებ და მოხარული ვიქნები, თუ დაიჭერენ და თავის სასჯელს მიიღებს.
მაგის გამო დააკავეს უფროსი შვილი, რომელმაც არ იცოდა, თუ მისი ძმა დანაშაულს ჩადიოდა, ან აპირებდა, ან სად იმყოფება ამჟამად.
პატარამ უნდა აგოს პასუხი, რაც ჩაიდინა და თუ გავიგე, სად არის, მას აუცილებლად ჩავაბარებ. - აცხადებს ყაჩაღობაში ბრალდებულის მამა.