უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური განცხადება - ხელოვნების მუშაკები ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ

16.04.21 11:11
უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური განცხადება - ხელოვნების მუშაკები ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის, განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას მსახიობ ნინუცა მაყაშვილი აღიარება საეჭვოდ მიაჩნია, ხელოვანები ეხმიანებიან. რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველი და მსახიობი, ზაალ ჩიქობავა, დეპუტატის განცხადებას ,,უპასუხისმგებლოს და არაპროფესიონალურს" უწოდებს. 

პარლამენტის წევრისგან ასეთი განცხადება მგონია, რომ არის უდიდესი არაპროფესიონალიზმი, თავი დავანებოთ ადამიანურ დამოკიდებულებას. ეს არის არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო განცხადება, - ამბობს ჩიქობავა.

მსახიობი ილო ბეროშვილი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს, ელისო ბოლქვაძეს კი მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

ამ ძალადობისგან მიღებული ტრავმა იმხელაა, რომ შეიძლება, ხმა ვერ ამოიღო ძალიან დიდი ხანი. შეიძლება, საერთოდ ვერანაირი ურთიერთობები ვეღარ დაიწყო, იმხელა დაღია შენს ცხოვრებაში. მით უმეტეს, გამონახო ძალა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ამ თემაზე ისაუბრო, თან ამავე დროს, როცა ცნობადი სახე ხარ და იცი, რა აჟიოტაჟი შეიძლება მოყვეს, ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ძალიან ვთხოვ, ძალიან ფრთხილები იყვნენ სიტყვების შერჩევაში, განსაკუთრებით, როდესაც ელისო ბოლქვაძე ხარ. არ შეიძლება ასე, რას ნიშნავს, აქამდე სად იყო?, - ამბობს ილო ბეროშვილი.

დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, ელისო ბოლქვაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს , რომ განცხადების შინაარსი მის ღირებულებებზე მეტყველებს.  

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით, ეს განცხადება ძალიან ბევრს ლაპარაკობს ამ კონკრეტულ ადამიანზე. უფრო მეტს, ვიდრე ამ თემაზე. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ვინმემ არ დაგმოს ძალადობა. ძალიან მრცხვენია, სიმართლე რომ გითხრათ, - ამბობს შარიქაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის აღიარებაში ეჭვი შეიტანა. დეპუტატს აინტერესებს, სად იყო მაყაშვილი ათი წლის წინ, როდესაც მის მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.