მტკიცებულებები არ არის, ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია - გაწირეს თუ არა მე-9 კლასელი ბიჭი ციხეში 12 წლით ჯდომისთვის?
"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება, ბნელ გვირაბში 74 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სისხლიან გარჩევაზე.
პოლიციის ფაილებით, რომელიც "შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა, ვერ დგინდება, რომ მეცხრე კლასელი მისი სკოლელის მოკვლას ცდილობდა. ირკვევა, რომ არ არსებობს ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა, დანაშაულის იარაღი და დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება.
ირკვევა, რომ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება, 31 მაისს, სკოლის სპორტ დარბაზში, ფრენბურთის თამაშის დროს დაიწყო. მოზარდები ერთმანეთს ბურთის გამო დაუპირისპირდნენ.
პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ საქმე სისხლიან გარჩევამდე არ მივიდოდა, სპორტის გაკვეთილზე მომხდარი ჩხუბის სკოლის დირექციას რომ სათანადოდ შეეფასებინა და ადგილზე პოლიცია გამოეძახებინა, თუმცა იმის გამო რომ დირექცია შარში არ გახვეულიყო, ამბავი მიჩქმალეს.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა, სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოსწავლეების sms მიმოწერა - მესიჯებით დგინდება რომ გარჩევა დანებით დაიგეგმა.
ბნელ ავტოფარეხში 15-მდე მოზარდმა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. ამ დროს დაჭრეს მეცხრეკლასელი ბიჭი. რამდენიმე საათში კი დანაშაული პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხელბორკილები 15 წლის გიორგის დაადო.
რა გამოიძია პოლიციამ და რის საფუძველზე გაუშვა გომელაურის უწყებამ მეცხრე კლასის მოსწავლე ციხეში? "შაბათის ეთერის" მოპოვებული პოლიციის ფაილებში მხოლოდ ორი ჩვენება დევს. ორივე ურთიერთსაწინააღმდეგოა.
15 წლის დაკავებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება გამოძიებას მისმა ორმა თანასკოლელმა მისცა. რჩება განცდა, რომ სკოლის მოსწავლეების ჩვენებები პოლიციამ ან ზეწოლის შედეგად მოიპოვა ან ისინი ცრუ მოწმეები არიან. "შაბათის ეთერმა" მათი გამოკითხვის ოქმები მოიპოვა. პირველი მოზარდი ამტკიცებს, რომ დაკავებულმა ჯერ მას დაარტყა, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაჭრილსა და დაკავებულს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მოწმის ეს ჩვენება ფალსიფიცირებულია, რადგან დათვალიერების ოქმით დადასტურდა რომ ფიზიკური დაზიანებები არც დაჭრილსა და არც დაკავებულს არ ჰქონია.
მეცხრე კლასელის ციხეში გაშვების საქმეს თავდაყირა აყენებს დაჭრილი ბიჭის ჩვენება. ის ამბობს, რომ დაკავებულს მისთვის ხელი არ დაურტყამს.
სადავოა პოლიციის ოქროს მოწმის ჩვენების კიდევ ერთი ნაწილი. ის ამტკიცებს, რომ ხელჩართული ჩხუბის დროს, ბნელ ავტოფარეხში, სადაც ხილვადობა სპეციალური განათების გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს, დეტალურად დაინახა, როგორ ამოიღო ჯიბიდან დაკავებულმა დანა და მოზარდს რამდენჯერმე დაარტყა.
ოქროს მოწმის ეს ვერსია წინააღმდეგობაში მოდის პოლიციის მიერ გამოკითხული ჩხუბის სხვა ფიგურანტების ჩვენებასთან. ამ ვერსიას არც დაჭრილი მოზარდი ადასტურებს. ის ოფიციალურ ჩვენებაში ამბობს, რომ დაკავებული ავტოფარეხში მისი მხედველობის არეალში საერთოდ არ ყოფილა.
ვინ მიაყენა ჭრილობა 14 წლის სკოლის მოსწავლეს ამის გარკვევას პოლიციას სთხოვს დაჭრილის ოაჯხიც. დაზრალებული მოსწავლის მამა "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ ის რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს.