მკვლელობა ჯართის გამო - შსს-მ 60 წლამდე ძებნილი მამაკაცი დააკავა
60 წლამდე ძებნილი მამაკაცი, რომელმაც სოფელ აკურაში შემთხვევით სანადირო თოფით საკუთარი შვილი დაჭრა, მეზობელი კი მოკლა, დაკავებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პოლიციამ ძებნილი პირი რუსთავში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს - 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას - 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს - 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 21 მაისს თელავში 60 წლამდე მამაკაცმა ჯართის ნიადაგზე დაჭყებული შელაპარაკების შემდეგ სანადირო თოფით მეზობლები და ასევე საკუთარი შვილი დაჭრა. მომხდარის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა.