არაეფექტურად მუშაობდა - როგორ ხსნის "ბორჯომი" თანამშრომლების გათავისუფლებას?

13.06.22 13:47
არაეფექტურად მუშაობდა - როგორ ხსნის "ბორჯომი" თანამშრომლების გათავისუფლებას?

არაეფეტურად მუშაობდა და სამსახურს უმიზეზოდ აცდენდა - ეს წერია N 49-ა ბრძანებებში, რომელიც ,,ბორჯომის" გათავისუფლებულ თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს. 

კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლები დასახელებულ მიზეზებს სიცრუეს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ათეულობით წელია, აღნიშნულ საწარმოში მუშაობდნენ და საყვედურიც კი არასდროს მიუღიათ ხელმძღვანელობისგან. 

ახლა ჩამბარდა ჩემი გათავისუფლების ქაღალდი. აქამდე არ ვიცოდი, რაზე გამათავისუფლეს. რამდენი წელია, აქ ვმუშაობ და თურმე, იმაზე გავუთავისუფლებივარ, რომ ვყოფილვარ გამცდენი და არაეფექტურად ვმუშაობდი. 

მოვიდნენ აქ, კურდღლებივით რომ იმალებიან და დამიმტკიცონ, რომ გამცდენი ვარ და არაეფექტურად ვმუშაობდი.

სიმართლეს რომ ვეუბნებოდი პირში, ამიტომ გამათავისუფლეს. 

ეს არის უნიჭო კაცის დაწერილი! - აცხადებს ბორჯომის ქარხნის ერთ-ერთი გათავისუფლებული მუშა.

ბორჯომიდან გამოშვებულ თანამშრომლებს საერთაშორისო  პროფკავშირების წარმომადგენელი შეუერთდა. ისინი სამართლებრივ დავას აანონსებენ. ამ მიზნით სარჩელი ახალციხის სასამართლოში შეიტანეს. 

გაფიცულები ელოდებიან მთავრობის სხდომას და პრემიერის განცხადებას ბორჯომის საკითხზე. არ არის გამორიცხული, პროტესტმა ბორჯომიდან დედაქალაქში გადმოინაცვლოს. 

მსგავსი სიახლეები