"მიზანმიმართული სიცრუეა" - კალაძის მტკიცებით, სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობები აღარ მიმდინარეობს
7 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობები აღარ მიმდინარეობს. კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს მიზანმიმართულ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული, სადაც მშენებლობა არ შეიძლება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. შეგიძლიათ, მიმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს და მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას თქვენს დასმულ შეკითხვაზე. თუ ის კონკრეტული სივრცე საშიშ ზონაშია, მაშინ მზიურის პარკიც ანალოგიურად საშიში ზონაში გამოდის. ამიტომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - ამბობს კალაძე.
ოპოზიციის მტკიცებით, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისში სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობები ისევ მიმდინარეობს. "ოცნების" ოპონენტები მერს მოუწოდებენ, ქაოტურ, უკონტროლო მშენებლობებზე ნებართვები არ გასცეს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და სვანიძის ქუჩის ტერიტორია სრულად დატბორა. სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა.