სროლა რესტორანში - კონსტანტინე ნატროშვილს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე კონსტანტინე ნატროშვილს ბრალდება წარუდგინა.
ინციდენტის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ,,ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა. იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.