სააკაშვილის საქმის მოსამართლე "ვივამედშია" - ჩახნაშვილი პროცესის დასაწყებად ექიმების დასკვნას ელოდება
მოსამართლე, პროკურორები და ადვოკატები კლინიკა "ვივა-მედში" იმყოფებიან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ჯერ არ დაწყებულა.
უკვე ერთი საათია, რაც ნინო ჩახნაშვილი კლინიკაშია, თუმცა მას მესამე პრეზიდენტი საკუთარი თვალით ჯერ არ უნახავს.
ახლა მოსამართლე და პროკურორი ელოდებიან, როდის დაწერენ „ვივამედის“ ექიმები დასკვნას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამ დასკვნის შემდეგ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, შევა თუ არა მიხეილ სააკაშვილის პალატაში და დაიწყება თუ არა სასამართლო პროცესი.
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ასეთი რამ რუსეთშიც არ მომხდარა და პუტინს ოპოზიციონერი მოწინააღმდეგისთვის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნისთვისაც არ მოუწყვია ამგვარი რამ.
მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილება არის ახალი სიტყვა მართლმსაჯულებაში და მე ვფიქრობ მიუწვდომელი სიმაღლეები დაიპყრო, როცა აიძულებენ ადამიანს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას. ეს არ მომხდარა რუსეთშიც კი და ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს კადრები, როგორ უტარებენ მწოლიარე ნავალნის სასამართლო პროცესს. პრინციპში, უარესი მეორდება დღეს საქართველოში, როცა ავადმყოფ ადამიანს აიძულებენ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
ცნობაში არ იწერება დასაბუთება. ცნობა არის ერთგვერდიანი დოკუმენტი, სადაც შემაჯამებელი არის მხოლოდ დასკვნითი ნაწილი. თუ სასამართლოს ჰქონდა სურვილი მიეღო დასაბუთებული წერილი საავადმყოფოდან, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და შეეძლო მიემართა კლინიკისთვის და მიეღო დასაბუთებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება ჟურნალისტების დასწრებას, ჩვენი ინტერესი იყო და არის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, რადგანაც, ყველამ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ქართველი ხალხი ღირსია და იმსახურებს იცოდეს, რა ცირკი ტრიალებს მართლმსაჯულების სისტემაში“. - ამბობს შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვივა მედში" გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეიცვალა და მხარეები სასამართლოში შეიკრიბნენ. ამის შემდეგ, პროკურატურამ გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.