ფარული ნომრებით ურეკავენ და აშინებენ - შანტაჟი ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მიმართ
დაშინება და შანტაჟი ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მიმართ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან კარდაკარ დადიან და სამსახურიდან წამოსვლას აიძულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებებით ემუქრებიან.
გაფიცული თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება ვერ შეაშინებთ.
სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყეს. ხალხს პირდებიან კომპენსაციას. ვინც ამას ხელს მოაწერს, აიღებს კომპენსაციას და ჩამოეხსნება პროცესს. სამოქალაქო პირები მიდიან, შეიძლება ღამითაც მიდიან, რომ სახეები არ დაინახონ, ფარული ნომრებით ურეკავენ და რაღაცებით აშინებენ“- ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
გაფიცული თანამშრომლების მისამართით ეს შანტაჟისა და დაშინების პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც გაფიცული თანამშრომლები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, მათთან მაშინაც მივიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები და ეუბნებოდნენ, თუ გზას გადაკეტავდნენ, ყველა მათგანს დააკავებდნენ.