შიდა ქართლში რუსული ოკუპაცია გრძელდება - რუსები სოფელ კირბალში ახალ საგუშაგოს აშენებენ

28.06.22 11:19
შიდა ქართლში  რუსული ოკუპაცია გრძელდება - რუსები სოფელ კირბალში ახალ საგუშაგოს აშენებენ

შიდა ქართლში  რუსული ოკუპაცია გრძელდება.  ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ამ წუთებში სოფელ კირბალში  ახალ საგუშაგოს აშენებენ, საიდანაც სოფლის გაკონტროლებას შეძლებენ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქამდე მალავდა, ვიდრე ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ არ გაავრცელა.

ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, ოკუპანტებმა სოფლის სასაფლაო ორად გაყვეს. 

დადიან რუსები, იმ დღეს ნახირში ვიყავი, მორიგეობით ვარ ხოლმე და სამჯერვე გამომედევნენ. 8-ნი, 6-ნი, იმ დღეს ლომისაში იყვნენ შესული. სასაფლაო ნახევარი იმათია, - ამბობს ადგილობრივი. 

სოფელ კირბალის კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 

სადაც იყო სამი საგუშაგო მაღლა, იქ აკეთებენ თურმე ხის პატარ საგუშაგოსაც. საქონელი რომ შევიდეს და მენახირე მიჰყვეს, ალბათ დაიჭირონ... სასაფლაოებზე ხალხს ძალიან უჭირს გასვლა, ვერც საქონელი გაჰყავთ, მენახირეებს ეშინიათ საქონელი რომ მიდის ტყის პირში, ესენი ჩასაფრებულები არიან და მენახირეებს დასდევენ. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, იმის მერე უფრო გააქტიურდნენ. უნდათ, რომ წაიყვანონ ვიღაცა ჩვენი მოსახლე, რომ ან გადაცვალონ, ან რაღაცა ქნან, - ამბობს ადგილობრივი. 

ოკუპანტების ქმედებების პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა რუსების მიერ დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.

კირბალა ერთადერთო სოფელი არ არის, სადაც ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ უკანონო სამუშაოები ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში განახორციელეს და იქ ახალი სათვალთვალო კოშკი ააშენეს. 

მსგავსი სიახლეები