ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული გავლენა - გამყრელიძე წასვლის მიზეზებზე
,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" უკვე ყოფილი დირექტორი ვრცელს წერილს აქვეყნებს, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვების მიზეზად მსოფლიო კრიზისის ფონზე კოვიდაპადემიით გამოწვეულ სტრესს და გაუარესებულს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ასახელებს.
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.
ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი - კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
სამწუხაროდ, ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი, -წერს გამყრელიძე.
ამასთან, ამირან გამყრელიძე ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" უკვე ყოფილი დირექტორი თანამშრომლობისთვის მადლობას ხელისუფლებას და საზოგადოებას უხდის.
მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის.
მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ, - წერს გამმყრელიძე, - წერს გამყრელიძე.