ტერორი პატიმრებზე - პენიტენციური სამსახური დიდ სკანდალში ეხვევა

14.08.22 15:06
ტერორი პატიმრებზე - პენიტენციური სამსახური დიდ სკანდალში ეხვევა

პატიმრების პროტესტი ციხეში - სპეციალური პენიტენციური სამსახური დიდ სკანდალში ეხვევა. N 6 საპატიმროს მსჯავრდებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. მიზეზი  ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებაა.

37 წლის გიორგი ჭელიძის ოჯახი "პირველებთან" ამბობს, რომ პატიმარი მხედველობის და ღვიძლის მძიმე  პრობლემებით უკვე ერთი თვეა ექიმების დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ პატიმარს ოჯახთან კომუნიკაციაც აუკრძალა. ჭელიძეს შეუზღუდეს პირადი პაემნებიც. 

ასევე, ირკვევა, რომ ციხეში პატიმრებზე მძიმე ტერორი ხორციელდება. თუ რომელიმე მათგანი სამედიცინო დახმარების არარსებობაზე ალაპარაკდა, ციხის ადმინისტრაცია მას შეზღუდვებს უწესებს.

2 დღეა უკვე, რაც შიმშილობა დაიწყეს,თან ეს ახალი ნამკურნალევი და მაგის შიმშილობა, არ ვიცი, რა იქნება...ნახევარი ციხე აპროტესტებს და ითხოვს, მაგრამ არა, "ჩვენ ვართ უფროსები, ჩვენ როგორც გადავწყვეტთ, ისე იქნება. თქვენ არ გაქვს ძალა. ჩვენ რასაც გვინდა, იმას ჩავწერთ ოქმში. ჩვენი ოჯახის წევრი ითხოვს, რომ ის გადმომიყვანეთ, თუ არა ვნმე სხვა, რომ დამლაპარაკებელი მყავდეს და ეუბნებიან, რომ არა, შენ უნდა იყო მარტო. მაგათი ინტერესია, რომ პატიმარი ყველანაირად გამოუვანონ წყობილებიდან და მერე იმართონ თავი, რომ აი, არის აგრესიული და უნდა იყოს მარტო. ჩემს მეუღლეს დარეკვის უფლება შეეზღუდა და ნახვა ოჯახის წევრების. ვინმე თუ ამოიღებს ხმას, ეგრევე უზღუდავენ თუ რამე აქვს დარჩენილი, - ამბობს ჭელიძის მეუღლე. 

აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხების მისაღებად "პირველები" პენიტენციურ  დაწესებულებას დაუკავშირდა, თუმცა უწყებამ განმარტებების გაკეთებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად დასვენების დღე დაასახელა.

რუსთავის N 6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები უკვე მე-2 დღეა შიმშილობენ.