დედას ჭრილობები დანით მიაყება, მეგობარს ქალზე პირსახოცი ჰქონდა აფარებული- ჟანა ხალილოვას მკვლელობის დეტალები
17 წლის მოზარდმა საკუთარ დედას დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მის მეგობარს კი 34 წლის ქალზე პირსახოცი ჰქონდა აფარებული, რომ ქალის ყვირილი გარშემომყოფებს არ გაეგოთ - ,,ტვ პირველმა" სოფელ ბირლიკში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჟანა ხალილოვას მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.
ბრალის დადგენილებაში, რომელიც ,,პირველებმა მოიპოვა, წერია, რომ 17 წლის მოზარდმა საკუთარი დედის მკვლელობა ღირსების აღდგენის მოტივით დაგეგმა, რაშიც 19 წლის მეგობარი დაეხმარა.
სამზარეულოში რამილ ნასიბოვმა იმის გამო, რომ ქალს არ ეყვირა, პირზე ააფარა პირსახოცი და შებოჭა, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანმა დედას, ჟანა ხალილოვას, ღირსების აღდგენის მოტივით მის ხელთ არსებული დანა განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული ტკივილისა და ტანჯვის მიყენების მიზნით სხვადასხვა ადგილებში მიაყება სიცოცხლისთვის შეუტავსებელი მრავლობითი დაზიანება - წერია ჩვენების ოქმში.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გენდერის ნიშნით, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისატიკით - ეს კიდევ ერთი ამონარიდია პროკურატურის დოკუმენტიდან.
მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია ყოფილი ქმრის მხრიდან შურისძიებას უკავშირდება, თუმცა დაკავებულის ნათესავები ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მოკლული 34 წლის ჟალა ხალილოვა ახლა სწორედ ყოფილი მეუღლის სახლშია გადასვენებული.
პოლიციის ფაილებით ირკვევა, რომ ბრალდებულები მკვლელობის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ, შემთხვევის დროს ბინაში მოკლული ქალის მეგობარიც იმყოფებოდა, რომელსაც, დოკუმენტების მიხედვით, ოთახში ეძინა და არაფერი გაუგია. მკვლელობიდან რამდენიმე წუთში კი შვილი მის მეგობართან ერთად მიიმალა, ტანსაცმელი გამოიცვალა, თუმცა შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
ბინა, სადაც შვილმა დედა სასიკვდილოდ გაიმეტა, ამ დრომდე დალუქულია. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან ამოიღო სისხლიანი ტანსაცმელი და ცივი იარაღიც. გამოიკითხნენ მოკლული ქალის ახლობლებიც, რომლებიც 17 წლის არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ ხსნიან, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ დედა-შვილს სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ.
ირკვევა, რომ მოკლული ქალის ქმარი წლების წინ სასჯელს ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა, ერთ-ერთი ვერსიით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამამ შვილი დედის წინააღმდეგ განაწყო. ამ მიზნით ის შვილზე სკოლის მოსწავლეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
17 წლის ნოვრუზ ხალილოვი და 19 წლის რამილ ნასიბოვი ახლა წინასწარ დაკავების იზოლატორში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოლოდინში არიან.
სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, ხვალ უნდა გაიმართოს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.