მაქვს შესაძლებლობა, პირველად ვილაპარაკო მოსამართლესთან ყველაფერი - დოროყაშვილი სასამართლოში ჩვენებას აძლევს
ჩოგნით ცემა, ხელების გადაგრეხა, საჭმლის თავზე გადაყრა და არაადამიანური მოპყრობა - ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მოსამართლეს დღეს პირველად ნელი დოროყაშვილი აძლევს. საქართველოს პირველ ჩოგანს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
დოროყაშვილი აპირებს, მოსამართლეს უთხრას როგორი მორალური ტანჯვის პირობებში უწევდა მას ცხოვრება.
ეხლა უნდა მივცე ჩვენება, მაქვს შესაძლებლობა, რომ პირველად ვილაპარაკო ყველაფრის შესახებ მოსამართლესთან და სასამართლოს წინაშე და სასამართლოს შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ - ამბობს დოროყაშვილი.
ადვოკატის თქმით, სასამართლოზე დოროყაშვილს დიდი დრო დასჭირდება, რადგან მან დეტალურად უნდა მოუყვეს მოსამართლეს ყველაფერი.
უფლებადამცველი ასევე საუბრობს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეშია და რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნამდვიალდ ძალადობდა ყოფილ ცოლზე.
ხმაურიანი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ერთვება ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.