არაშენდაში მომხდარი მკვლელობა - ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

16.08.22 14:38
არაშენდაში მომხდარი მკვლელობა - ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

13 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ ჩივიაშვილს, სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 47 წლის მალხაზ ჩივიაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ არაშენდაში 13 აგვისტოს, ღამით მოხდა. ბრალდებულმა მეზობელი, 47 წლის ლევან იაგანაშვილი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ცივი იარაღით მოკლა. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში  სამი პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია.