ჩოგნებს იღებს და მწოლიარე დოროყაშვილს ურტყამს - ბასილაშვილი ვიდეო მტკიცებულების გასაჯაროვებამ გააბრაზა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუმილი დაარღვია და ყოფილ მეუღლეს შეურაცხყოფა სასამართლო პროცესზეც მიაყენა.
"გიჟივით ყვირის, სისულელეებს ლაპარაკობს" - უხსნიდა მოსამართლეს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი.
ბასილაშვილი იმ ვიდეო მტკიცებულების გასაჯაროვებამ გააბრაზა, რომელიც შეერთებულ შტატებში სასტუმროშია გადაღებული და სავარაუდო ძალადობა ჩანს.
როგორც ნეკა დოროყაშვილი ყვება, კადრები მობილურითაა გადაღებული.
მასალაში ბასილაშვილი ჩანს, რომელიც ჩოგნების შეკვრას იღებს და ლოგინში მწოლიარე ქალს ურტყამს. ისმის ტირილის ხმა. დოროყაშვილი ქმარს ეკითხება რატომ ძალადობს მასზე ფიზიკურად.
პროკურორის თქმით, ვიდეო ჩანაწერზე ჩატარებულია ექსპერტიზა და დასკვნით არის დადასტურებული მისი უტყუარობა. რაც შეეხება ჩანაწერის შინაარსს, ის შემდეგ პროცესზე იქნება გამოკვლეული.
ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს, რომ ნელი დოროყაშვილს რაიმე ნივთი ან საგანი ხვდება. მისი თქმით, დოროყაშვილის ნათქვამი გამოგონილია და მასზე ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ მოუხდენია.