თუ გოგაშვილს უნდა ამ სისტემის წინააღმდეგ წავიდეს, დადოს ფაქტები, ვინ მოკლა ჩემი შვილი - მაჩალიკაშვილი

17.08.22 17:17
თუ გოგაშვილს უნდა ამ სისტემის წინააღმდეგ წავიდეს, დადოს ფაქტები, ვინ მოკლა ჩემი შვილი - მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სოსო გოგაშვილს მიმართავს, წერილების წერა შეწყვიტოს და დადოს ფაქტები, თუ ვინ და რატომ მოკლა მისი 19 წლის შვილი.

ამასთანავე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ მისი მეუღლე 2019 წელს შეხვდა გომელაურს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრაზე გოგაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

მედიკო მარგოშვილი, ჩემი მეუღლე, დიახ, შეხვდა გომელაურს, ეს იყო 2019 წელს. მან, მედიკომ თვითონ მოითხოვა, რომ შეხვედროდა იმის გამო, რომ გაეგო, რატომ ასეთ განადგურებულ ოჯახს, კიდევ რატომ ანადგურებდნენ. ეს იყო შეხვედრის მიზეზი. იქ საუბარი გოგაშვილზე, იმაზე, გოგაშვილი რამდენად დამნაშავეა, ან რა გააკეთა, აბსოლუტურად საუბარი მედიკოს არ ჰქონია. ასე ნუ ასაჯაროებს ამ წერილებს. თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი და ბინძური ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა? გომელაური დამნაშავეა ამ საქმეში, იმიტომ რომ მაშინდელი სუს-ის უფროსი და შეფი გომელაურია. მაგისი ხელმოწერის გარეშე აქ ის სპეცრაზმი არ მოვიდოდა. ნებისმიერი მაგათი შემოგზავნილი იმ წუთას ვიცოდი, ვინ რა სახით იყო მოსული, ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რომ გოგაშვილთან და გომელაურთან მიეტანათ. თუ რამე ჩანაწერი გააჩნია, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ისიც დადონ, თვითონ სად, რაში არიან დამნაშავეები“. - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

სუს-ის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც მან ვახტანგ გომელაური ფაქტობრივად პირდაპირ დაადანაშაულა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში. 

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი".