იძალადა თუ არა ქალზე ტელეწამყვანმა - სასამართლოში ლაშა ნაკაიძის პროცესი მიმდინარეობს
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანის პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ლაშა ნაკაიძემ დღეს უნდა თქვას, რა მოხდა საბურთალოზე - იძალადა თუ არა ქალზე და ემუქრებოდა თუ არა მას სიცოცხლის მოსპობით.
პროცესის დაწყებისას პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. რადგან საქმე ეხება სექსუალური შინაარსის დანაშაულს ეხება, მიზანშეწონილად მიიჩნიეს სხდომა დაეხურათ.
რადგანაც სხდომა დაიხურა, სავარაუდოა, რომ საუბარია საქმის საკმაოდ მძიმე დეტალებზე.
ტელეწამყვანის ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა, რადგან თქვა, რომ ჟურნალისტებზე გაბრაზებულია.
„რაც მე გუშინ მოვისმინე თქვენგან, ჟურნალისტებისგან, საერთოდ არ მსურს თქვენთან თანამშრომლობა“ - თქვა ნაკაიძის ადვოკატმა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.