აგვისტოს ომის მონაწილე ხელისუფლებამ ცხინვალის საპყრობილეში მიატოვა - ჯარისკაცები შველას ითხოვენ
დეფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს მარიხუანას გადატანას ედავება. ქართველ სამხედროს მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. სასამართლომ სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აგვისტოს ომის მონაწილე უკანონო პატიმრობაში ცხინვალის საპყრობილეში იმყოფება. დაპატიმრებულის თანამებრძოლები შველას ითხოვენ.
გაირკვა, რომ ოცნების ხელისუფლებამ ჩხიკვაძის ოჯახი დააშინა, ჯარისკაცის უკანონო პატიმრობიდან გამოსახსნელად ახლობლებს აქციების გამართვა სურდა, მაგრამ გადააფიქირებინეს.
აგვისტოს ომის მონაწილის თანამებრძოლი „პირველებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 10 დეკემბერს, მაშინ, როდესაც მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, გეგმავდნენ აქციებს, მიმართეს ხელისუფლებას, საპატრიარქოს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსაც, თუმცა, როგორც ნათია გუმბერიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგვისტოს ომის გმირის უკანონო დაკავებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობა უმოქმედოა. მამუკას მეგობრებს გვინდოდა აქციები, მაგრამ მისი ოჯახის წევრები ჰყავთ გაჩუმებულები, მთავრობას თუ ვის, არ ვიცით. არიან დეზინფორმაციის ქვეშ, რომ თითქოს მამუკას 2-3 თვეში დააბრუნებენ“. - ამბობს ნათია გუმბერიძე.
მამუკა ჩხიკვაძის თანამებრძოლები და გენერლები ჩვენთან საუბარში ასევე ამბობენ, რომ, რადგან ჯარისკაცი აგვისტოს ომის მონაწილეა, სწორედ ამიტომ მას ოკუპანტები ცხინვალის იზოლატორში აწამებენ.
ჯარისკაცები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მათ ჩხიკვაძე გაწირეს.
"ქოც ხელისუფლებას არა ერთი ჯარისკაცი მიუტოვებია განსაცდელის დროს და სამწუხაროდ, ჩვენი თანამებრძოლი მამუკა ჩხიკვაძეც არ არის გამონაკლისი. როდესაც შეიძლებოდა მისი გათავისუფლების საკითხი მაღალ ეშელონებში დაყენებულიყო, მაღალ ეშელონებში საკითხების დაყენება ხდებოდა ასე, როგორც ხორბლით ვაჭრობა, ბარიგაობა და ა.შ. სამწუხაროდ ის, საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა განსაცდელის დროს". - ამბობს ჯარისკაცის თანამებრძოლი.
მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში 3 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს.