ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროკურორმა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
"მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანი 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.