მითხრეს, რომ ჩემი შვილის გადარჩენა შეიძლება - ოჯახი 28 წლის პატიმრის ისრაელში გადაყვანას ითხოვს
სამი გასროლა ქავთარაძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი ცალკე კამერაში შევიდა და თავის არეში ტყვია დაიხალა.
"გამჭოლი ჭრილობა ტვინის ტოტალური დაზიანებით" - ეს ექიმების დიაგნოზია.
კავკასიის მედიცინის ცენტრში 28 წლის მამაკაცის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ. პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებულის ოჯახი პაციენტის ისრაელში გადაყვანას და განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ იყო ცეცხლსასროლი იარაღით პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ფსიქიატრიულში.
„ეხლა ახალი ამბავი მომივიდა, რომ შეიძლება გადარჩენა ჩემი შვილის. არის შანსი რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. თუკი ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, ვთხოვ რომ დამეხმარონ. კრიტიკული პერიოდი არის 3-დან 5 დღემდე, მაგრამ მანამდე მინდა გადავიყვანო, რომ ბავშვი გადავარჩინო. არ მივიჩნევ გავრცელებულ განცხადებებს რა თქმა უნდა სიმართლედ, რომ გადაყავდათ და მაგ დროს იყო გასროლები. არ იყო ეგეთი ბავშვი, არც თავისმომკვლელი იყო და არც იმის არ მჯერა, რომ წინააღმდეგობა შეეძლო. თუ ძალით არ გააღიზიანეს და თუ ძალით არ გაუკეთეს რაღაცა, არაფრის გამკეთებელი არ იყო, ძაან მშვიდი ბავში იყო“. - ამბობს პატიმრის დედა.
ჩვენი ინფორმაციით, ძარცვისთვის დააკავებულს კლინიკიდან გლდანის ციხეში დაბრუნება არ უნდოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ჩხუბი.
საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ამოღებულია ინციდენტის ამსახველი კადრები.
28 წლის ბიჭის ადვოკატი ამბობს, რომ კადრებში ჩანს, რომ პატიმარს ხელში უჭირავს იარაღი და ისვრის.
ჩანაწერები ოჯახს სულ რამდენიმე წუთის წინ აჩვენეს.