ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია - საგანგებო

22.08.22 10:49
ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია - საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.

ოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. 

ნათივე ცნობით, შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.