ქალზე სექსუალური ძალადობის საქმე - რუსთავის სასამართლოში სკანდალური პროცესი იწყება
ამ წუთებში რუსთავის სასამართლოში სკანდალური პროცესი იწყება - განსასჯელის სკამზე ზის კაცი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, ქალს პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა და ამ ფორმით სექსუალურ კავშირს აიძულებდა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ქალს პასპორტიც წაართვა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
შუახნის კაცის ადვოკატი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ "მტკიცებულებები სრულად მოძიებული არ არის".
არანაირ ისეთ ქმედებას, რასაც ედავებიან, ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მშვიდ გარემოებაში გამოცხადდა პოლიციაში, როცა დაიბარეს"- ამბობს ადვოკატი.
უფლებადამცველის თქმით, დადგენილი არ არის, რა კავშირი ჰქონდათ დაკავებულსა და დაზარალებულს. ადვოკატი ამბობს, რომ ქალი ბრალდებულის ცოლი არ არის.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს გასტაცა პასპორტი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.