დაჭრილი პატიმრის საქმე - პროკურატურამ ბადრაგს ბრალი წარუდგინა
დაჭრილი პატიმრის საქმე - პროკურატურამ ბადრაგს ბრალი წარუდგინა.
საქმე ეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მომხდარ ფაქტს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი - საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე.
ბრალდებულმა, ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
ვ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის მძიმეა. გურამ სვანიძის ოჯახი, უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვს, რადგან მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ისრაელში გადაყვანა შეუძლებელია.