ციხეში პროტესტმა იფეთქა - არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს
ციხეში პროტესტმა იფეთქა - რუსთავის მეექვსე ციხეში 75 პატიმარი შიმშილობს. არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
"პირველებმა" მოიპოვა იმ პატიმრების კოლექტიური წერილი, ვინც შიმშილობის აქციას შეურთდა.
პატიმრები ყვებიან, რომ ადმინისტრაცია მათ გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებს - აგინებენ და ამცირებენ. შეზღუდული აქვთ პაემნები და სატელეფონო ზარები.
მოგახსენებთ N6 დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით, ვშიმშილობთ: არ გვექცევა სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაწესებულებაში ჰყავთ საოპერაციო პატიმრები, რომლებიც არ გადაჰყავთ შესაბამის კლინიკებში, ასევე ფსიქიკურად შერყეული პატიმრები ჰყავთ, რომლებსაც არც აქ მკურნალობენ და არც ფსიქიატრიულში მიჰყავთ. თანამშრომლები გამომწვევად გველაპარაკებიან და გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. დასჯის მიზნით გვანთავსებენ დეესკალაციაში და ხშირ შემთხვევებში 72 საათის გასვლის შემდეგაც არ გვაბრუნებენ საკნებში (ყოფილა შემთხვევები საჭმელს და წყალსაც არ გვაწვდიდნენ). დეესკალაციაში არის ანტისანიტარია, არ გვაწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, არ მოჰყავთ სოციალური მუშაკი, არ გვარეკინებენ სახ. დამცველის ცხელ ხაზზე. საკნებში არ აყენია გამწოვები, არც საპირფარეშოებში, ხოლო სადაც აყენია გაფუჭებულია. საპირფარეშოს კარები არის ნახევრამდე გადაჭრილი და კარების წინ დაყენებული ვიდეოთვალის არეში ხვდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მანამ არ შევწყვეტთ შიმშილობას სანამ არ შეიცვლება N6 დაწესებულების ხელმძღვანელობა"- წერია "ტვ პირველისთვის" მიწოდებულ წერილში.
მსჯავრდებულები ასახელებენ კონკრეტულ მაღალჩინოსნების ვინაობას, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. მათი თქმით, ესენი არიან: შოთა ტრაპაიძე, დავით ნიკოლაიშვილი და ლექსო ქავთარაძე.
წერილის ავტოპრები რუსთავის მეექვსე დაწესებულების ამ თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.